როცა დამღლელი დღის შემდეგ ფილმის ან სერიალის ყურებას გეგმავთ, რომელი სასუსნავი გახსენდებათ პირველ რიგში? რა თქმა უნდა პოპკორნი, ანუ ჩვენებურად ბატიბუტი. ბატიბუტის სიმინდი არის გარანტია, რომ საყვარელი ფილმის ყურება უფრო სასიამოვნო გახდება. ბიომეურნეობა იორლენდის ნატურალური ბატიბუტის სიმინდი კი, ისევე როგორც იორლენდის ყველა პროდუქტი, სასიამოვნოს გარდა სასარგებლოცაა, რადგან ის მოყვანილია ნიადაგზე, რომელიც ქიმიური სასუქით არასოდეს მუშავდება.
როგორ კეთდება ბატიბუტი
ბატიბუტის სიმინდი ამ კულტურის ერთადერთი სახეობაა, რომლის მარცვალიც მაღალ ტემპერატურაზე სკდება და უგემრიელეს სასუსნავად იქცევა. ეს იმიტომ ხდება, რომ მას გამორჩეული სტრუქტურა აქვს. იცით რატომ სკდება პოპკორნის სიმინდის მარცვალი? ის სამი მთავარი კომპონენტისგან შედგება: წყალი, სახამებელი და მაგარი გარსი, რომელიც მაღალ წნევას უძლებს. როდესაც მარცვალი ტაფაზე ხურდება, მარცვლის შიგნით წნევა იზრდება, გარსი ვეღარ უძლებს და სკდება. გარსისგან გათავისუფლებული სახამებელი უცებ ფართოვდება და ქათქათა, ფუმფულა ღრუბელს ემსგავსება.
რა სარგებლობა მოაქვს ჯანსაღ სასუსნავს?
ბატიბუტი მის შემადგენლობაში შემავალი ბოჭკოს წყალობით ერთ-ერთი ჯანსაღი ხემსია. თუმცა მომზადებისას შაქრისა/მარილის და ცხიმის რაოდენობა უნდა მოვზომოთ. თუ ბატიბუტს სწორად მოვამზადებთ, ის დაბალკალორიული, უჯრედისით მდიდარი სასუსნავია. უჯრედისი კი ჩვენი ორგანიზმისთვის აუცილებელია. ეს არის საკვები ბოჭკო, რომელსაც საჭმლის მომნელებელი სისტემის გამართულ მუშაობაში უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აქვს – ის მატებს მოცულობას საკვების მასას და ეხმარება მას ნაწლავებში შეუფერხებლად გადაადგილებაში.
უჯრედისით მდიდარი საკვები დიდხანს უნარჩუნებს ადამიანს დანაყრების შეგრძნებას, რაც გვეხმარება წონის შენარჩუნებაში. უჯრედისი ასევე ანელებს შაქრის შეწოვას სისხლში, რაც მნიშვნელოვანია დიაბეტის პრევენციისთვის. უჯრედისი ებრძვის მავნე ქოლესტერინს. სიმინდი რეკომენდებულია მათთვისაც, ვისაც ცელიაკია ან გლუტენის აუტანლობა აქვს. ზოგადად სიმინდი ეს ერთ-ერთი ყველაზე არაალერგიული მარცვლეულია. ასე რომ, უჯრედისით მდიდარი სიმინდი. ჩვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე მყარად დგას.









